თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები გმობენ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა
პირადი მონაცემების გამოქვეყნებას სათაურით - „ამოიცანი ჯალათი!“.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მასალა ძალადობის წამახალისებელია და ამ საპატიმროში პატიმართა წამების ამსახველი ცნობილი კადრების გავრცელების შემდეგ, შურისძიების მოწოდებას წარმოადგენს.
„ასეთი მოწოდება უდაოდ საფრთხეს უქმნის „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სიაში მოხსენიებულ ყველა ადამიანს, იმისდა მიუხედავად, მონაწილეობდა თუ არა პატიმრების წამებაში. ამავე დროს, ცალსახად ირღვევა საპყრობილის იმ თანამშრომელთა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელთა კავშირი პატიმრების წამების ფაქტებთან სასამართლოს განაჩენით არ დამტკიცებულა“ - აცხადებენ არასამთავრობოები.
მათივე განცხადებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციის წარმომადგენლები არ არიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები და შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ვერ განიხილავს საჩივარს მათი მხრიდან პროფესიული ეთიკის დარღვევის შესახებ. თუმცა, ეს გარემოება გაზეთის რედაქციას სრულიად არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მასში გამოქვეყნებულ ანტიჰუმანურ, არაეთიკურ და ძალადობის წამახალისებელ წერილს მოჰყვეს.
