საია ხაშურის #35 ოლქთან დაკავშირებით ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს
საია ხაშურის #35 ოლქთან დაკავშირებით ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს
16:54 04.10.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და უფლებამოსილ ორგანოებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის დაახლოებით 10 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი, მათ შორის აღნიშნულ უბნებზე გამართული არჩევნების შედეგების შეჯამება, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. კერძოდ, არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებით, დასტურდება, რომ აღნიშნულ უბნებზე ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმების მონაცემების იმგვარ შედგენას, რაც არ ასახავდა აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებას ან საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების მონაცემების მოგვიანებით შეცვლას.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხაშურის ოლქის რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა სპეციალური დანიშნულების რაზმების შეჭრას და კომისიის წევრების იძულებას მათი მითითების მიხედვით მოეხდინათ არჩევნების შედეგების ასახვა შემაჯამებელ ოქმებში.

„ზემოაღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის არაერთ უხეშ დარღვევას, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოქალაქეთა მიერ გამოვლენილი ნების სათანადო ასახვაზე და არსებითად შეცვალა უბნებზე დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე მთელი ოლქის მასშტაბით. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რაც სათანადო შესწავლას საჭიროებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან“ - ნათქვამია საიას განცხადებაში. მივმართავთ, ხაშურის #35 საოლქო საარჩევნო კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოს - უზრუნველყონ ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებთან მიმართებით შედგენილი საჩივრების სათანადო განხილვა და საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლის პირობებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამასთან, მივმართავთ მთავარ პროკურატურას შეისწავლოს ის შემთხვევები, სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“-ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიამ ამ დროისთვის ხაშურის #3, #5, #8, #10, #19, #45 #46 და #26 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საკითხი უკვე დააყენა საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუმცა, საჩივრები დაკმაყოფილდა.

ბეჭდვა