სახალხო დამცველის აპარატი მედიასაშუალებებს საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებას ურჩევს
სახალხო დამცველის აპარატი მედიასაშუალებებს საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებას ურჩევს
19:35 03.10.2012
სახალხო დამცველის აპარატი მედიასაშუალებებს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან  თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის აპარატი დღეს განცხადებით გამოეხმაურა გაზეთ „ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით - „ამოიცანით ჯალათები.

განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი აშკარაა.

„სტატიაში ისეთი ტიპის პერსონალური მონაცემებია გამჟღავნებული, რომლებიც პირთა იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, რამაც შესაძლოა, ჩამოთვლილი პირების და მათი ოჯახების წევრების მიმართ აგრესია და მათი უფლებების დარღვევა გამოიწვიოს“ - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივაა.

„სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეულ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები გაატარონ. ამავდროულად, მოუწოდებს მედია საშუალებებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შესაძლოა, უდანაშაულო მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნას“ - ნათქვამია განცხადებაში.

გაზეთმა „ასავალ დასავალმა“ გლდანის #8 დაწესებულების თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები - სახელები, გვარები, დაბადების თარიღები და მისამართები 2-7 ოქტომბრის ნომერში გამოაქვეყნა.

ბეჭდვა