სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-ისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჟვანიას მოედანზე უკვე იკრიბებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ „ლაბორატორია 1918“-ის წევრმა ანი ჭანკოტაძემ განუცხადა, ისინი გაზეთ „ასავალ დასავალში“ გლდანის ციხის თანამშრომლების ვინაობისა და მისამართების გამოქვეყნებას აპროტესტებენ.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ციხის თანამშრომლებს საფრთხის ქვეშ აყენებს, რადგან შესაძლოა, მათ მოსახლეობა თავს დაესხას.
„გაზეთში მათი მისამართებია დაფიქსირებული. შესაძლოა, მოსახლეობა მათ სახლებში მიუვარდეს. ეს ფაქტიურად, ძალადობის პროპაგანდა და მისკენ მოწოდებაა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ფაქტი დაუშვებელია“ - განაცხადა ჭანკოტაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო „ასავალ დასავალს“ ბოდიშის მოხდას მოსთხოვენ.
ჭანკოტაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები ჟვანიას მოედნიდან შარტავას ქუჩაზე, გაზეთის რედაქციასთან გადაინაცვლებენ.
გაზეთმა „ასავალ დასავალმა“ გლდანის მე-8 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელები და მისამართები გამოაქვეყნა.
