ამერიკის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IRI) საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები წარმოადგინა.
როგორც დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე IRI-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, არჩევნებზე მცირე რაოდენობის ძირითადად, პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.
IRI-ის წარმომადგენლების თქმით, არჩევნების უარყოფით მხარედ წინასაარჩევნო კამპანიისთვის საჭირო ხარჯვის პროცესი შეიძლება ჩაითვალოს. კერძოდ, საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად დახარჯული თანხის უპრეცედენტო ოდენობამ არჩევნების დღეზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია.
მათივე თქმით, ასევე, გამოიკვეთა ბრალდებები, თითქოს პოლიციის მიერ სატელეფონო ზარებით საარჩევნო მოხელეების სისტემატიური დაშინება ხდებოდა.
„აღსანიშნავია, რომ ამ ზარების განმახორციებელთა ვინაობა უცნობია, ვინაიდან გადამოწმების შემდეგ, ცხადი ხდებოდა, რომ აღნიშნული ნომრები პოლიციას არ ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, შემთხვევის სისტემურობა აღნიშნული ფაქტების ინტენსიურ გამოძიებას მოითხოვს“- აცხადებენ IRI-ის წარმომადგენლები.
როგორც კონგრესმენმა ქეი გრეინჯერმა აღნიშნა, არჩევნებზე დაფიქსირებული მცირე პროცედურული დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას არ მოახდენს.
„ზოგადად, არჩევნები ჩატარდა მაღალკვალიფიციურად, კონსტიტუციის ფარგლებში, რომელმაც მოსახლეობის ქცევის ძალიან მაღალი ხარისხი წარმოადგინა“- განაცხადა გრეინჯერმა.
IRI-ის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ქართულ მედიაში „მასთ ქერის“ პრინციპის დანერგვამ ამომრჩეველთა ინფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ამიტომ სასურველია, მსგავსი მიდგომები მომავალშიც გაგრძელდეს.
