სასტუმრო "Holiday Inn"-ში ხვალ ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეებზე მიძღვნილი მიღება გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ამერიკის საელჩოდან აცნობეს, მიღებას აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს მთვრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა, საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელი ორწლიანი პროგრამა დაასრულეს. ჯგუფში 19 ინგლისურის მოხალისე პედაგოგი და 7 მოხალისე–კონსულტანტი შედის, რომლებიც საჯარო სკოლებში, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებში მუშაობენ.
მოხალისეების ჯგუფი კახეთში, ქვემო ქართლში, სამცხე–ჯავახეთში, გურიასა და აჭარაში მოღვაწეობდა. მათ თავიანთი ორწლიანი მუშაობა საქართველოში 2010 წლის 9 ივლისს დაიწყეს. ხვალ კი, ისინი თავიანთი მოღვაწეობის შედეგებს შეაჯამებენ და ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდებიან.
2001 წლიდან დღემდე, საქართველოში 426–მა მოხალისემ იმსახურა. ამჟამად კი, საქართველოში 68 მოხალისე რჩება.
მშვიდობის კორპუსი აშშ–ს სამთავრობო სააგენტოა, რომელიც პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ 1961 წელს მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის გასავრცელებლად დააარსა.
