ორგანიზაციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ არჩევნების მიმდინარეობისას დედაქალაქში დარღვევები დააფიქსირა
ორგანიზაციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ არჩევნების მიმდინარეობისას დედაქალაქში დარღვევები დააფიქსირა
17:08 01.10.2012
კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დედაქალაქში რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციიდან აცნობეს, მთაწმინდის #61 საარჩევნო უბანზე მობილურით გადაღება აკრძალეს.

„არჩევნის თავისუფლებისთვის“ ინფორმაციით, კრწანისის #75 უბანზე ვიდეო და ფოტო გადაღებაზე პრობლემებია.

ასევე, საბურთალოს #71 უბანზე კონვერტებისა და ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ამასთან, ორივე - კონვერტები და ბიულეტენები სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია.

კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამავე უბანზე კომისიის ოთახს მეორე კარი აქვს, საიდანაც რამდენჯერმე უცხო პირების შესვლა დაფიქსირდა.

„ისნის #65 ოლქში მარკირების პროცესი ვერ კონტროლდება. როგორც ირკვევა, 250 ამომრჩეველზე მეტმა მარკირების გარეშე მისცა ხმა. ჩვენმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა, რომელსაც კომისიის მდივანი არ იბარებდა. უბანზე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეიძლება ჩაიშალოს“ - აცხადებენ კოალიციის წევრები.

„არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლების თქმით, სამგორის #51 უბანზე დამკვირვებლის ბეიჯების გარეშე უცხო პირები იმყოფებოდნენ.
მათივე განცხადებით, აღნიშნულ პირებს წითელი მაისურები წარწერით -„დამკვირვებელი“ ეცვათ, თუმცა, მათი იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. კოალიციის დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ მათ უბანი დატოვეს.

კოალიციის ინფორმაციით, სოლოლაკში #67 სკოლაში განთავსებულ #7 უბანზე სომხური კარუსელის ფაქტები აღინიშნება. ასევე, ვაზისუბანში
#73 და #69 უბნებში არ არის მარკირება და არ არიან დამკვირვებლები.

ბეჭდვა