ნინო ბურჯანაძე გარდაცვლილი 10 თვის ჩვილის ოჯახს უსამძიმრებს
ნინო ბურჯანაძე გარდაცვლილი 10 თვის ჩვილის ოჯახს უსამძიმრებს
13:26 01.10.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ მომხდარ ტრაგედიას სამართალდამცავები დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოიძიებენ.

მისი თქმით, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ აღნიშნული ფაქტი ვინმეს მხრიდან შეგნებულადა გაკეთდა.

„ის ვითარება, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს კითხვები უჩნდება, ქვეყანაში არანორმალურ სიტუაციასა და ხელისუფლების მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნების არსებობაზე მიანიშნებს“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის უფლება არავის აქვს, თუმცა, გამოძიება უმოკლეს ვადაში უნდა ჩატარდეს და სიმართლე გაირკვეს.

10 თვის ბარბარე რაფალიანი, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით ნახევრადსავსე ქვევრში იპოვეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ბავშვი გარდაიცვალა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი კოლაგში 10 თვის გოგონას გატაცების ფაქტზე აცხადებს, რომ ბავშვის დეიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო და მის ოჯახზე მუქარას ახორციელებდნენ.

ბეჭდვა