ივანიშვილის განმარტებით, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც მან გუშინ მადლობა გადაუხადა, საკუთარი თავი იყო
ივანიშვილის განმარტებით, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც მან გუშინ მადლობა გადაუხადა, საკუთარი თავი იყო
15:16 30.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, მან გუშინდელ აქციაზე სცენიდან მადლობა საკუთარ თავსაც გადაუხადა.

ივანიშვილმა გუშინ აქციის დასრულებისას, საკუთარი ოჯახის, გუნდისა და მხარდამჭერების მიმართ მადლიერება გამოხატა. ბოლოს კი მადლობა „კიდევ ერთ ადამიანს“ გადაუხადა, რომლის გამოც სოციალურ ქსელებში ბევრი კითხვა გაჩნდა.

„და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ქცევით შეძლო, რომ ნიღაბი ჩამოვხადე ჩემს ოპონენტს და ვაჩვენე მთელ მსოფლიოს, როგორია ჩვენი მოძალადე პრეზიდენტი“ - განაცხადა მან აქციის დასასრულს.

სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა, თუ ვინ იგულისხმა ივანიშვილმა „კიდევ ერთ ადამიანში“.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი ნათქვამი ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ განმარტა და აღნიშნა, რომ სცენიდან მან მადლობა საკუთარ თავსაც გადაუხადა.

„მე პატარა ტრიუკი გავაკეთე, ეს მოფიქრებული მქონდა და მეგონა, რომ მარტივი გასაგები იყო, მაგრამ ძალიან ბევრი შემეკითხა და როგორც ჩანს, ვერ გაიგეს. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვუხდიდი მადლობას. ხუმრობით დავიწყე, მადლობა ადამიანს, რომელმაც „ნიღაბი ჩამოხსნა“ და შემდეგ უკვე პირველ პირში გადავედი და ვთქვი, რომ „გული გაგიხსენით, სიყვარული დაგიმტკიცეთ“ და ა.შ. საკუთარი თავის შექება დავიწყე ნახევრად ხუმრობით. დაღლილი ვიყავი, ემოცია აღარ მეყო, ვეღარც გავიღიმე და ეტყობა ხალხი დავაბნიე“-აღნიშნა მან.

ივანიშვილის თქმით, მადლობა საკუთარ თავს იმისთვის გადაუხადა, რომ ის ძალადობა, რომელიც მოსახლეობაზე ხორციელდებოდა, საკუთარ თავზე გადაიტანა, ამასთან, მისივე თქმით, „მართლაც სასწაულ ურჩხულს“ შეებრძოლა, რისთვისაც დიდი ჭკუა და გონების მაქსიმალური კონცენტრაცია დასჭირდა.

„ქართველებს ტრაბახი გვიყვარს, მეც ქართველი ვარ და წავიტრაბახე. ჩემი დამსახურებაც ვაჩვენე, რომ ის ძალადობა, რაც მოსახლეობაზე ხორციელდებოდა, საკუთარ თავზე გადმოვიტანე და ვაჩვენე როგორი მოძალადეა ის. მე არ ვიყავი სუსტი ოპონენტი, ეს მქონდა მხედველობაში. ყველა ძალა გამოიყენეს და მაიც ვერაფერი მომიხერხეს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მან საქართველოს მისახლეობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხდა, რომ გუშინდელი აქცია სიყვარულისა და ერთმანეთის პატივისცემის შედეგი იყო.

„არ არის ადვილი ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ გიყვარს. არ მიყვარს ფორმალობა და ძალიან ვუფრთხილდები გამონათქვამებს, რომ ეს არ მიიღონ ყალბად. ძალიან ძნელია, რომ ადამიანს სიყვარული აუხსნა და დაუმტკიცო, თანაც ამხელა საზოგადოებას. მე კი ეს მოვახერხე. ძლიან მიყვარს საქართველოს მოსახლეობა და პასუხიც გამცეს. ეს სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა იყო ის, რაც მივიღეთ გუშინ და რასაც მივიღებთ ხვალ“- განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა