არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებენ
17:20 29.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელი შეფასება გამოაქვეყნეს.

როგორც „ნიუსპრესს“ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან აცნობეს, წინასაარჩევნო პერიოდი გამორჩეული იყო მაღალი პოლიტიკური კონკურენციით, დაძაბული ატმოსფეროთი და მრავალრიცხოვანი დარღვევებით, ხოლო ამ პერიოდში საზოგადოება მოკლებული იყო საარჩევნო პროგრამების განხილვაზე ორიენტირებულ კამპანიას და თემატურ პოლიტიკურ დებატებს. აღნიშნულის ნაცვლად კი, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უხვი კომპრომატებით დაპირისპირების, მრავალრიცხოვანი კანონდარღვევების, სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების, ძალადობრივი და აგრესიული შეჯახებების ფონზე.

მათივე ცნობით, საკმაოდ აქტიურ საარჩევნო პროცესებში გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ტენდენციები და დარღვევები - სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, კანონის შერჩევითი აღსრულება. ორგანიზაციების ცნობით, სახელმწიფო უწყებების, განსაკუთრებით კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან ხშირად შერჩევითად ხდებოდა რეაგირება მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ ჩადენილ გარკვეულ ქმედებებზე, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი” ლოიალობასა და ოპოზოციური პარტიების მიმართ გადამეტებულ სიმკაცრეში გამოიხატებოდა.

არასამთავრობოები ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით დადგენილი არაპროპორციული სანქციებზე, რომლებმაც რიგ შემთხვევებში, ოპოზიციური პარტიების საქმიანობის პარალიზება შეძლო, ამის პარალელურად კი, რეაგირების გარეშე დატოვა მნიშვნელოვანი დარღვევები ჩადენილი მმართველი პარტიის მხრიდან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული სიმწვავით დგება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების საკითხი. იმ პირობებში, როდესაც აუდიტის სამსახურის მუშაობაში არაერთი სერიოზული ხარვეზი იკვეთება, მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო ასრულებდეს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქციას. მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასამართლო ხელისუფლება უფრო მეტად ლოიალურია აუდიტის სამსახურის მიმართ, რაც დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ სასამართლო უარს არ ამბობს აუდიტის სამსახურის იმ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზეც კი, რომელშიც დასაბუთებისა და არგუმენტაციის სერიოზული ნაკლებობა ფიქსირდებოდა.

გამოვლენილ ტენდეციებსა და დარღვევებში გამოიკვეთა სახელმწიფო სახსრების საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვა, სახელმწიფო ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, მუქარა და ძალადობა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება-დაპატიმრებები, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებები, ძალადობა და მუქარა პოლიტიკური ნიშნით, რაშიც ხშირ შემთხვევაში თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობდნენ.

არასამთავრობოების მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში დაფიქსირდა 50-მდე მსგავსი შემთხვევა. რეგიონებში საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, ძალადობრივმა ქმედებებმა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა იმატა, რამაც განსაკუთრებულ მასშტაბებს სექტემბრის მე-2 ნახევარში მიაღწია.

„მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავ ორგანოებმა არ გამოიჩინეს სათანადო და დროული რეაგირება აღნიშნული ინციდენტების დროულად და ეფექტურად გამოძიების თვალსაზრისით“- აცხადებენ არასამთავრობოები.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მედია გარემოზეც. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ე.წ. Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპების დამკვიდრება დადებითი მოვლენა იყო, რადგან ასეთი რეგულაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამომრჩევლამდე დივერსიფიცირებული ინფორმაციის მიწოდების საქმეში.

მათივე ცნობით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კერძო კომპანიების გარკვეული ქონება კანონთან შეუსაბამოდ იქნა დაყადაღებული. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”-ისა და ტელეკომპანია „მაესტროს” კუთვნილი სატელიტური თეფშების დაყადაღება. არასამათვარობოები აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარიმართა, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც საკითხი მედია საშუალებების თავისუფალ საქმიანობას ეხება.

ანგარიშის მიხედვით, არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის, მუქარისა და ზეწოლის ფაქტები და თითქმის არცერთ შემთხვევაზე არ წარმართულა ეფექტური გამოძიება, რომელიც კანონით გათვალისიწინებულ პასუხისმგებლობას დააკისრებდა დამრღვევთ.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე აუდიო-ვიდეო გადაღებას, ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე დღის წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება საარჩევნო უბნებზე ფოტო/ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

„აღნიშნული გადაწყვეტილება გაუმართლებელ და შაბლონულ შეზღუდვებს უწესებს მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს, რაც ცალსახად ნეგატიურად აისახება პროცესის გამჭვირვალობაზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს არსებული დარღვევების დაფიქსირების შესაძლებლობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა, რაც ზოგადად არ არის მიზანშეწონილი“- ნათქვამია ანგარიშში.

არასამათავრობოები საუბრობენ ამომრჩეველთა სიებზეც. მათი ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის შედეგად, გასულ არჩევნებთან შედარებით, დაზუსტებულ იქნა მონაცემები საზღვარგარეთ გასული, გარდაცვლილი და რეგისტრაციის მისამართზე არმცხოვრები მოქალაქეების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეგისტრაციიდან მოხსნილი და რეგისტრაცია გაუქმებული ამომრჩევლების საარჩევნო სიაში დაბრუნების თაობაზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ამომრჩეველთა რიცხვი საარჩევნო სიაში და არჩევნების დღეს აღნიშნული ამომრჩევლებით უკანონო მანიპულირების საშუალება დატოვა.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემოიყო მკვეთრად უთანასწორო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ, სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის, რაც განპირობებულია მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ფუნქციას შორის ზღვარის არ არსებობით. აღნიშნული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს და თითქმის შეუძლებელს ხდის ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას“- ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობოებს სამწუხაროდ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი თითქმის სრულად იყო მოკლებული თემატურ დისკუსიებს, მსჯელობებსა და განხილვებს. ამის სანაცვლოდ, საზოგადოება მომსწრე გახდა პოლიტიკურ ძალების უკიდურესი პოლარიზების, დაპირისპირების, აგრესიის და სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების.

მათივე ცნობით, ამჯერად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე, როგორც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ კენჭისყრის დღე მშვიდ გარემოში და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით წარიმართოს, რათა ამომრჩევლებს მიეცეთ საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა და აღნიშნული ნება შესაბამისად იქნას ასახული არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში.

ბეჭდვა