„დინამო არენადან“ თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი „ქართული ოცნების მხარდამჭერები უკვე გმირთა მოედანზე იმყოფებიან. აღნიშნულ ნაკადში
დიდუბის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონის აქტივისტები არიან გაერთიანებული.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განუცხადა, დღევანდელი აქციით გაფრთხილება ეძლევა გაყალბების მცდელობაში ადრე მონაწილე ადამიანებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ის დასჯადი ქმედებაა. მისივე თქმით, დღევანდელი შეკრებით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ხმებს, რომელიც კოალიციას ეკუთვნის, ვერავინ წაართმევს.
„დღეს აქციაზე მოვა ძალიან ბევრი ხალხი, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არ დავუშვებთ ზეგ მთელი დღის განმავლობაში პროცესების არასწორ განვითარებას; რომ გაყალბების არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება და ვერ წაგვართმევენ იმ ხმებს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ თეა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების“ აქტივისტები მსვლელობით დედაქალაქის რამდენიმე წერტილიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც მათ სიტყვით კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
