„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შემთხვევებმა იმატა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შემთხვევებმა იმატა
17:54 28.09.2012
ანგარიშის - „წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების“ მიხედვით, კანონის აღსრულების პრობლემა და შერჩევითი სამართალწარმოება წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა.

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ანგარიშის - „წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების“ პრეზენტაციისას აღინიშნა, რომელიც 1 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით ცესკო-ს ბოლო დადგენილება, საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ასევე, მათივე თქმით, წინასაარჩევნოდ კანონმდებლობის შეცვლა დაუშვებელია.

„საგამოძიებო ორგანოები სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებს დაუსაბუთებლად აფართოებენ, რათა მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტების პასუხისგებაში მიცემა მოეხდინათ. მეორეს მხრივ, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის დაწყების ნაცვლად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგებოდა“ - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პოლიტიკური ზეწოლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების და მათი წარმომადგენლების დაკავება/დაპატიმრების შემთხვევებმა იმატა.

„მათგან თითქმის ყველა ვითარებაში დაკავებულ პირებს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ გადაცდომებზე წაუყენეს, რომლებიც როგორც ჯარიმას, ასევე, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ დაკავებულ პირებში არა მხოლოდ ოპონენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ სამოქალაქო აქტივისტები - კერძოდ, დაჩი ცაგურია და ალექსანდრე ცარაგელი არიან“ - ნათქვამია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება ხშირად ფიქსირდება. კერძოდ, საჯარო მოხელეების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების დროს აგიტაციას, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე აგიტაცია და სხვა მსგავს ქმედებებს ჰქონდა ადგილი.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცველი ქმედებები, როგორც ოპოზიციური ასევე, მმართველი პარტიის მხრიდან დაფიქსირდა.

ბეჭდვა