გერმანული კვლევითი ცენტრის FORSA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% მიიჩნევს,
რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთელმა მთავრობამ უნდა აიღოს და გადადგეს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობამ პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს, ხოლო 9%-მა არ იცის ან შეკითხვას არ უპასუხა.
გლდანის მე-8 საპყრობილეში მიმდინარე მოვლენებში პასუხისმგებელ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, რესპონდენტები 10 ქულიანი შკალის მიხედვით გამოიკითხნენ.
გამოკითხულები მე-8 საპყრობილეში მომხდარ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის პასუხისგებაში მიცემას 9,8 ქულას უწერენ, შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პასუხისგებაში მიცემას - 9,7 ქულას, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის - 9,5 ქულას, მთავრობის პასუხისგებაში მიცემას - 9 ქულას, მიხეილ სააკაშვილის - 8,7 ქულას, ხოლო ვანო მერაბიშვილის ასევე, 8,7 ქულას.
FORSA-ს მიერ აღნიშნული კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-25 სექტემბერს ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წელს ზემოთ 1 943 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება +/-2,5%-ია.
