ინტერნეტსივრცეში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლთა საუბრების ახალი აუდიოჩანაწერები გავრცელდა
ინტერნეტსივრცეში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლთა საუბრების ახალი აუდიოჩანაწერები გავრცელდა
14:28 28.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას სახელით ინტერნეტსივრცეში დღეს ახალი აუდიოჩანაწერები გავრცელდა.

ერთ-ერთ ჩანაწერში კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი ირაკლი მელაშვილი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ პოლიტიკურ განლაგებაზე ესაუბრება რამდენიმე პირს, მათ შორის ნახსენებია კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.

ჩანაწერში მელაშვილი უხსნის მოსაუბრეებს, რომ „ოცნება“ მარტო ვერ ეჭიდავება „რესპუბლიკელებს“ და სხვებს“

„ჯერ ერთი კრეტინებით არის სავსე და არ იციან, ჩამოყალიბებული არ არიან თან პარტნიორი არ ყავთ. ოცნების შექმნასა და გაძლიერებაში არავინ არის დაინტერესებული, პირველ რიგში „რესპუბლიკელები“ და ალასანია“ - ამბობს მელაშვილი.

ის გუბაზ სანიკიძეს და სხვა მოსაუბრეებს ურჩევს „ოცნებასთან ზედა დონეზე შეკვრას“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეუბნება, რომ მათ ჩააჩოჩებენ.

„თქვენი მხრებით და მუშაობით მოგყავთ ალასანია... დაწყებული სოზარ სუბარებიდან და ვასიკოებიდან, ვინც რეალურად მართავს სუბარს, ეს ცალკე თემაა. პოლიტიკაში კუდაბზიკობა და კაი ბიჭი ვარ განზე გავდგები არა - თუ ხარ, ხარ“ - აღნიშნავს მელაშვილი.

მეორე აუდიოჩანაწერს მითითებული აქვს განმარტება, რომ საუბრობენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი რომან კუსიანი და ყოფილი პარლამენტარი სანდრო ბრეგაძე. ერთ-ერთი მეორეს ეუბნება, რომ გავრცელდა ჩანაწერი კახი კალაძისა და ქურდების მილანში შეხვედრის შესახებ.

ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი ძალიან ცუდია და ეს შემთხვევით არ მომხდარა.

სავარაუდოდ, ბრეგაძე ეუბნება კუსიანს, რომ მან იცოდა, რომ ერთი-ერთი იმ ქურდებიდან „ყურებით ყავდათ დაჭერილი და მან რაც იცის, არავინ იცის“.


ბეჭდვა