ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ორ პერიოდულ ანგარიშს წარადგენს
ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ორ პერიოდულ ანგარიშს წარადგენს
09:06 28.09.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პრესკონფერენციას გამართავს და  საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ორი პერიოდული ანგარიშის შედეგებს გამოაქვეყნებს.

როგორც „ნიუსპრესს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს, ანგარიშების პრეზენტაციაზე, ჟურნალისტების გარდა, მიწვეულნი არიან აღნიშნული თემით დაინტერესებული ორგანიზაციები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს ახორციელებს.

მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში, რომელსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს - საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.

მედიამონიტორინგის მიზანია, გამოავლინოს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციები და შეიმუშაოს რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. კვლევა მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისობრივ კომპონენტებს.

ამჯერად, ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს პერიოდულ ანგარიშებს, რომელიც მოიცავს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგებს 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.

ბეჭდვა