„სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო შეშფოთებას გამოხატავს
„სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო შეშფოთებას გამოხატავს
20:30 27.09.2012

„სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ბოლო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა

 და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაკავების ფაქტების საგრძნობლად ზრდასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.

როფორც „ნიუსპრესს“ „სამართლიანი არჩევნებიდან“ აცნობეს, იმ დროს, როდესაც საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის მთელი ყურადღება პატიმართა წამების ფაქტების გამოძიებისა და პატიმართა უფლებების დაცვისკენაა მიმართული, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესები სერიოზული ძალადობის ფონზე მიმდინარეობს.

„სამართლიან არჩევნებში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკური აქტივისტების დაპატიმრების ათობით ფაქტს აქვს ადგილი, რომელთა მოტივები, ფორმები და წაყენებული ბრალდებები დაკავებების პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს.

მათი განცხადებით, ძალადობრივი ქმედებები, რაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩევა, ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ ხორციელდება, თუმცა, მსგავს ფაქტებს ადგილი აქვთ არა მარტო ოპოზიციური გაერთიანებების, ასევე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართაც.

„რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობებს, იგი როგორც წესი ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ გამოიყენება. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება არასათანადო და არაეფექტურ რეაგირებას ახდენს პოლიტიკური აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების მიმართ რაც ხშირად გადაჭარბებულად მკაცრი ზომების გამოყენებაში, ან საპირისპიროდ, ფაქტის არასათანადოდ და არადროულად გამოძიებაში გამოიხატება“ - აცხადებენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენები.

მათივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა წინასაარჩევნო კამპანიის თანასწორ გარემოში მიმდინარეობას ზიანს აყენებს და ამომრჩევლებში არჩევნების სამართლიანობის მიმართ უნდობლობის გაღვივებას იწვევს.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ყველა საარჩევნო სუბიექტს მიმართავენ, რათა მხარდამჭერებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდონ.



ბეჭდვა