დოდო ხურცილავას განცხადებით, პატიმართა წამებაში დამნაშავე ყველა პირი უნდა დაისაჯოს
დოდო ხურცილავას განცხადებით, პატიმართა წამებაში დამნაშავე ყველა პირი უნდა დაისაჯოს
18:41 27.09.2012
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის შოუს“ წამყვანი დოდო ხურცილავა მიიჩნევს, რომ პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

ამის შესახებ მან ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხურცილავა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, დანაშაულის შემკვეთი ყოველთვის უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე შემსრულებელი.

„ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, შემზარავია. ყველა ადამიანმა უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით. ძალიან დიდ ტკივილს განვიცდი, რამდენიმე დღეა არ მიძინია, იმიტომ რომ რაც ვიხილე შემზარავი იყო და თუ ჩვენ ადამიანობა ჯერ კიდევ შეგვრჩენია, უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები და ფხიზლად, რადგან ამ დღეების განმავლობაში სერიოზული გაკვეთილი მივიღე. როდესაც რაღაცას დაჟინებით გეუბნებიან 8 წლის მანძილზე უნდა დაიჯერო და უნდა დადგე იქ, სადაც ადამიანების დასადგომი ადგილია“ - განაცხადა ხურცილავამ.

ამ დროისთვის ფილარმონიასთან უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პატიმართა წამებაში მონაწილე პირების დასჯას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციები უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

ბეჭდვა