პატრიარქმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენა
პატრიარქმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენა
14:24 27.09.2012
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, დღევანდელი ქადაგებისას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, უპირველეს ყოვლისა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით აფხაზეთში დახვრეტილ მღვდელმონაზონ ანდრია ქურაშვილს იხსენებს.

უწმინდესის თქმით, არ შეუძლია დიდი პატივისცემით არ გაიხსენოს ჟიული შარტავა, რომელმაც სამშობლოს შესწირა თავი და რომელიც დიდად მორწმუნე პიროვნება იყო.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჟიული შარტავას დახვრეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან რუსეთიდან წერილი მიიღო, რომელსაც ეტყობოდა, რომ ის არც ქართველის და არც რუსის დაწერილი არ იყო.

„მწერდნენ, რომ წერილის ავტორი ჟიული შარტავას დაკრძალვას ესწრებოდა. ის წერდა - თქვენ უნდა იამაყოთ, რომ საქართველოს ასეთი თავდადებული შვილები ჰყავსო. ეს დიდი ადამიანი მართლაც გმირულად დაეცა“ - განაცხადა პატრიარქმა

უწმინდესმა ქადაგებისას აფხაზეთში დახვრეტილი იულიანე და ქალაქის მერი გურამ გაბისკირია, ასევე, მამია ალასანია გაიხსენა, რომელიც სოხუმიდან თითქმის გამოსული იყო, მაგრამ უკან, ჟიული შარტავასთან დაბრუნდა, ასევე, გენერალი გერმანე ადამია, რომელიც მისი შეფასებით, დიდი პიროვნება იყო.

„მინდა დავლოცო ამ ადამიანების მშობლები, როგორც გარდაცვლილები ასევე ცოცხლები; მათი ოჯახები; ჩვენი ახალგაზრდობა; აფხაზები; რუსები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დაპირისპირებაში დაეცა“ - ბრძანა პატრიარქმა და დასძინა, რომ 11 წელი აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, რა დროსაც აფხაზებსა და ქართველებს შორის განსაკუთრებული სითბო სუფევდა. მისივე თქმით, მასთან სტუმრები აფხაზეთიდან დღესაც ჩამოდიან.

უწმინდესი უფალს შესთხოვს, რომ ჯვრის ძალა სრულიად საქართველოს გადაეფაროს, რათა ქვეყანა გამთლიანდეს.


ბეჭდვა