პატრიარქი - მინისტრები მიმტკიცებდნენ, რომ ციხეებში პატიმრების შეურაცხმყოფელი არაფერი ხდებოდა
პატრიარქი - მინისტრები მიმტკიცებდნენ, რომ ციხეებში პატიმრების შეურაცხმყოფელი არაფერი ხდებოდა
13:28 27.09.2012
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II დღევანდელი ქადაგებისას ციხეებში არსებულ მდგომარეობასა  და სტუდენტების აქტივობას შეეხო.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვნებები უფრო ძლიერდება, მაგრამ ადამიანმა ყველაფერი უფალს უნდა მიანდოს.

მისივე თქმით, ამ გაჭირვების პერიოდში, ქართველმა სტუდენტებმა ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს.

„ეს ძალიან მოსაწონია, რადგან იგი ჩვენი სულიერების ბარომეტრია. ქართველი ადამიანი არ დაუშვებს იმას, რომ იმგვარი უმსგავსობა მოისმინოს, რაც ტელევიზიით გავრცელდა“ - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ციხეებში ადამიანების შეურაცხყოფასა და ცემასთან დაკავშირებით მასთან გარკვეული ინფორმაციები მიდიოდა.

„არაერთხელ მითქვამს მინისტრებისთვის და მათი მოადგილეებისთვის, რომ ასეთი ამბები მოდის და თქვენ რას უყურებთო. ისინი კი, მიმტკიცებდნენ, რომ ციხეებში ასეთი შეურაცხყოფა არ ხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ უარესი ყოფილა“ - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, სტუდენტების მღელვარება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ნამდვილად სამართლიანია, რადგან მსგავსი მოპყრობა გაჭირვებული ხალხის მიმართ ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია.

პატრიარქის თქმით, სასურველია შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, სადაც მღვდელმთავრები იქნებიან გაწევრიანებული და იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს, ვითარებას გამოიძიებენ.

„ზოგმა ჩემი სიტყვები ისე მიიღო თითქოს, მე ასეთ ქმედებას ვამართლებდე. როგორ შეიძლება პატრიარქმა მსგავსი რამ გაამართლოს. ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება და მსგავსი ქმედება არასოდეს დაიშვება “- ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, უწმინდესის თქმით, ციხეებში ტუბერკულოზით და შიდსით დაავადებულებიც არიან და მათი იქ ყოფნა დაუშვებელია, რადგან შესაძლოა, დაავადება სხვებზეც გავრცელდეს.

პატრიარქი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ავადმყოფი პატიმრები გაათავისუფლონ, რათა მათ მკურნალობა შეძლონ.

ბეჭდვა