გია ყარყარაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
გია ყარყარაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
13:10 27.09.2012
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და აფხაზეთის ომის მონაწილე გია ყარყარაშვილი მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, მემორიალთან 19 წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს მიდის, რათა დაღუპულ გმირთა დედები გაამხნევოს და მათი შვილების ხსოვნას პატივი მიაგოს.

მისი თქმით სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დღის შუქზე არ მიდიან მემორიალთან.

„ისინი ისევ ქურდულად, არა სოხუმის დაცემის დღეს, არამედ წინა დღეს მოიპარნენ აქ, რათა დაღუპულთა დედებს არ ენახათ და ისევ ჩვენ დავრჩით ერთმანეთის ჭირისუფლად. დღეს სჭირდებათ ამ დედებს მისამძიმრება, გამხნევება, თორემ ეს მიცვალებულები სასაყვედუროდ აღარ დაბრუნდებიან. როცა დაღუპულთა მშობლები მოდიან, მაშინ უნდა მობრძანდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მათ გასამხნევებლად და იარების მოსაშუშებლად“ - განაცხადა ყარყარაშვილმა.

აფხაზეთის დაცემიდან 19 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით უკვე შეამკეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭომ, საქართველოს დაზვერვის სამსახურმა, დევნილთა სამინისტრომ, „ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და სხვებმა.

ბეჭდვა