საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ინციდენტი მოხდა
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ინციდენტი მოხდა
12:24 27.09.2012
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები  იმყოფებოდნენ და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამინისტროს წარმომადგენლების მემორლიათან მისვლას მცირე ინციდენტი მოჰყვა. ერთ-ერთმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ქალბატონმა, ომის ვეტერანმა ნინო ფოფხაძემ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მიტანილ გვირგვინს ლენტი მოხსნა და ძირს დააგდო.

მან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ სამინისტროს ომის ვეტერანებისთვის არაფერი გაუკეთებია, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ერაყსა და ავღანეთში იღუპებიან.

თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დათო ჩიხლაძე ქალბატონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვეტერანთა დეპარტამენტი იმისთვის შეიქმნა, რათა ვეტერანები აღრიცხოს და დახმარება გაუწიოს.

„როგორც ჩანს, ეს ქალბატონი წინა დეპარტამენტზეა განაწყენებული. ალბათ, საკმარისი დოკუმენტაცია არ აქვს და ვეტერანის სტატუსს არ აძლევენ. ამისთვის კი, მხოლოდ ფორმის ჩაცმა არ არის საკმარისი“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ დათო ჩიხლაძემ და დასძინა, რომ ვეტერანთა დეპარტამენტი ყველასთან ამყარებს ურთიერთობას ვინც მათ მიაკითხავს.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროდან იქვე იმყოფებოდა გენერალი ჭოჭუა, რომელმაც ინციდენტის შემდეგ ტერიტორია დატოვა.

„ვეტერანის სტატუსი მაქვს, მაგრამ არ გვცნობენ. სახლ-კარიდან გამომაგდეს, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ სახელი გამიფუჭა, ხან ტერორისტად გამომიყვანეს, ხან რუსეთის აგენტად. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს არ აქვთ აქ მოსვლის უფლება“-განუცხადა „ნიუსპრესს“ ნინო ფოფხაძემ.

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ვეტერანთა ფოლკლორულმა ანსაბლმა „მშვიდობამ“ რამდენიმე საგალობელი შეასრულა.

მემორიალთან დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდება.


ბეჭდვა