მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა სრულდება.
მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ, ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს 326 წელს, იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს მოხდა.
იმპერატორმა ადრიანემ გოლგოთა და ქრისტეს საფლავი მიწით დააფარვინა, შემდეგ კი, ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა.
კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე ჯვრის ნიში იხილა წარწერით - „ამით სძლო!“.
უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით გამანადგურებელი დამარცხება აგემა მოწინააღმდეგეებს, რის შემდეგაც იმ ძელის მოძიების სურვილი არ ასვენებდა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა“.
მან მოოხრებულ იერუსალიმში დედამისი - დედოფალი ელენე გაგზავნა, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი დაფა წარწერით და ოთხი ლურსმანი იპოვეს, რომლითაც ძელზე ქრისტე გააკრეს.
იმისთვის, რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა.
კონსტანტინე დიდის ბრძანებით, ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და 335 წლის 26 სექტემბერს იკურთხა. მომდევნო დღეს, 27 სექტემბერს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული დაწესდა.
დღევანდელი დღე მორწმუნეთათვის მარხვაა.
