სახალხო დამცველის აპარატი იმერეთის რეგიონში არსებული ქუთაისის N2 და გეგუთის N14 დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგუთის N14 დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლების ვიზიტი 18 და 20 სექტემბერს შედგა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ ციხეში ვითარება იმ დროისთვის მშვიდი იყო. მსჯავრდებულებს ტელეფონითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება სრულყოფილად აღუდგათ.
ქუთაისის N2 დაწესებულებაში კი, სახალხო დამცველის რწმუნებულები 19, 21 და 24 სექტემბერს იმყოფებოდნენ და პატიმართა დიდ ნაწილს გაესაუბრნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბრიდან ქუთაისის N2 დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო დაწესებულებაში მომუშავე ოცამდე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება, ვინც წარსულში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობით გამოირჩეოდა და ზღვარგადასულ აგრესიას იჩენდა.
„მათ შორის ყველაზე ხშირად სახელდებიან დაწესებულების ყოფილი დირექტორი დიმიტრი ჯიჭონაია, ასევე, თანამშრომლები გაგა ლიპარტელიანი და ირაკლი ჯიშკარიანი“-აღნიშნულია ანგარიშში.
იქვე განმარტებულია, რომ 24 სექტემბრის დღის ბოლომდე შიმშილობა შეწყვიტა პატიმართა უმეტესობამ, ხოლო რამდენიმე პატიმარი აგრძელებდა შიმშილობას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში. მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იყო.
ანგარიშის თანახმად, დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუსახელეს იმ თანამშრომელთა ვინაობა, ვინც მათ მიმართ არასათანადო მოპყრობით გამოირჩეოდნენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართავს შესაბამისი ზომების მისაღებად, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები სასჯელაღსრულების სისტემაში“ - აღნიშნავს ომბუდსმენის აპარატი.
მისივე ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში ნორმალური მდგომარეობაა და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
