მოჭიდავე გურამ საღარაძე პატიმართა მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ვანდალიზმს უწოდებს
მოჭიდავე გურამ საღარაძე პატიმართა მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ვანდალიზმს უწოდებს
15:48 26.09.2012
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გურამ საღარაძე პატიმართა მიმართ საქართველოს პენიცენციალურ სისტემაში განხორციელებული  არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ამაზრზენს უწოდებს.

როგორც „ნიუსპრესს“ საღარაძემ განუცხადა, მან საბჭოთა პერიოდშიც იცხოვრა და მას შემდეგაც, თუმცა, არც ერთი წყობა არ მოსწონებია. იგი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ერთიან, მთლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროს.

საღარაძის განცხადებით, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრებით შეშფოთებულია, რადგან მსგავსი ვანდალიზმი მას არსად უნახავს.

„ძველად რაღაც შემთხვევები იყო, მათ შორის საბჭოთა წყობის დროსაც, მაგრამ ასეთი ხშირი და მასიური ტანჯვა-წამება და დაცინვა არ ყოფილა. ამას მხოლოდ სატანური სექტა აკეთებს. ეს საშინელება ამაზრზენი და გულისამრევია“-განაცხადა გურამ საღარაძემ.

მისივე თქმით, ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს და საქართველო საბოლოოდ თავისუფალი და დემოკრატიული გახდეს.

ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაციასთან სპორტსმენები იკრიბებიან, სადაც პატიმართა სოლიდარობის აქცია დაიწყება.

ბეჭდვა