პატრიარქი ხელისუფლებას ავადმყოფი პატიმრებისა და ბოლო დღეებში დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
პატრიარქი ხელისუფლებას ავადმყოფი პატიმრებისა და ბოლო დღეებში დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
13:42 26.09.2012
საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ავადმყოფი პატიმრები და, ისინი, ვინც ბოლო დღეებში დააკავეს.

ამის შესახებ პატრიარქმა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სხვა სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანების წამება დანაშაული და უდიდესი ცოდვაა ღვთისა და ხალხის წინაშე.

„ზოგიერთი ვერ გრძნობს ამ ცოდვების სიმძიმეს და თავს იმართლებს. ისეთი შემთხვევაც კი არის, რომ ამბობენ არჩევნები გაივლის და მერე ჩვენ გიჩვენებთ რასაც გავაკეთებთო. არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ და მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას და ასევე ავადმყოფები“ - აღნიშნა პატრიარქმა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ კათოლიკოს-პატრიაქის ფონდის გვერდზე განოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე პატრიარქმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა - იმ დაჭერებზე, რომელიც ამ დღეებში განხორციელდა და ხორციელდება, ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებზე, საერთოდ პატიმრებისადმი მოპყრობაზე და აღნიშნა, რომ როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს ესა თუ ის ტუსაღი, მისი წამება და ღირსების შელახვა ყოვლად დაუშვებელია.



ბეჭდვა