არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ 1 ოქტომბრის არჩევნებს 1 200 წევრიანი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩანიძემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლები არჩევნებს 73 ოლქში დააკვირდებიან.
„ჩვენი დამკვირვებლები წარმოდგენილი იქნებიან ყველა საარჩევნო ოლქში. ამასთან, განხორციელდება ხმების პარალელური დათვლა „ბალტიკ სერვეისთან“ თანამშრომლობით. “ბალტიკ სერვეი“ წარმოადგენს გელაპის ორგანიზაციას. გარდა ამისა, ორგანიზაცია ახორციელებს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. ეს პროექტები ხელს შეუწყობს არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას“ - განაცხადა ჩაჩანიძემ.
გარდა ამისა, დღესვე, აღნიშნული ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს „დამკვირვებლის ქცევის კოდექს“, რომელიც ქეთევან ჩაჩანიძის თქმით, პრინციპებისა და სტანდარტების ერთობლიობას წარმოადგენს. რამაც მისი თქმით, უნდა უზრუნველყოს თითოეული დამკვირვებლის მოქმედება და კომპეტენციით განსაზღვრული საქმიანობის შესრულება.
როგორც ჩაჩანიძემ აღნიშნა, ქცევის კოდექსის შესრულება აღნიშნული ორგანიზაციის ყველა დამკვირვებლისთვის სავალდებულოა.
აღნიშნული პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
