ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ცესკო-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღება გარკვეული ფორმით იზღუდება.
აქციის მონაწილეების თქმით, ცესკო-ს დადგენილება უნდა გაუქმდეს, რადგან შეუძლებელია, რომ მედიამ ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ პროცესებს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, ცესკო-ს დადგენილება უსაფუძვლოა, რადგან არ შეიძლება მედია საშუალებების შეზღუდვა, თუ საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას არ ეხება.
მისივე თქმით, ცესკო-ს აღნიშნული გადაწყვეტილება სერიოზულ დარტყმას აყენებს მედიას და ხელს უწყობს არჩევნების გაყალბებას.
აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობასთნ პლაკატებით მივიდნენ წარწერით - „არ არის ფოტოგადაღება-არ არის დემოკრატია“; „გაგვაშუქებინე არჩევნები“; „გააუქმეთ უკანონო დადგენილება“; „მოგვეცით შესაძლებლობა ავსახოთ რეალობა“ და სხვა.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ფოტო და ვიდეოგადაღების დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალია, ხოლო 10 წუთის შემდეგ, კამერები განთავსდებიან გადასაღები ობიექტიდან, მინიმუმ, 3 მეტრის მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.
საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის შიგნიდან გადაღება იკრძალება. მობილური ტელეფონით გადაღებაზე რეგულაციები არ ვრცელდება.
გადაღება დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. თუ ოპერატორმა ერთხელ მაინც დატოვა საარჩევნო უბანი, ის გადაღების უფლებას კარგავს.
