„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ხელისუფლებას ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში ამხელს
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ხელისუფლებას ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში ამხელს
11:51 25.09.2012
„უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ 2003-2012 წლებში ეკლესიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ მასალა წარმოადგინა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და თეოლოგმა და ჟურნალისტმა ლაშა ცაიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

როგორც ნიკოლოზ მჟვანაძემ აღნიშნა, ორგანიზაციას ხელისუფლების მიერ ჩადენილი  25 ფაქტი აქვს მოპოვებული, რაც დადასტურებულია.

მისი თქმით, ერთ-ერთ ერთი დანაშული 2006 წლის 2 ივლისს დმანისის ეპარქიაში მოხდა, როდესაც ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში შსს-ს 30-მდე შიარაღებული თანამშრომელი შესაბამისი ორდერის გარეშე შეიჭრა. მიზეზად დამნაშავის ძებნა დასახელდა. მჟავანაძის განცხადებით, მათ მთელი მონასტერი გაჩხრიკეს. საბოლოოდ კი, დამნაშავე ვერ იპოვეს და მონასტრის ტერიტორია დატოვეს.

„2007 წელს ბათუმში, ფერიას მთაზე, ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით, გაბრიელ განდეგილის სახელობის მშენებარე ტაძარი დაანგრიეს. ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა ხელვაჩაურის გამგებელი. დანგრევის მიზეზად ხელისუფლების მიერ შექმნილი პროექტი დასახელდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტაძრის არსებობას არ ითვალისწინებდა“ - განაცხადა მჟავანაძემ.

როგორც ლაშა ცაიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება დაუფარავად ებრძვის ეკლესიას - ერთი ხელით გარკვეულ ნაგებობებს რესტავრაციას უტარებს, მეორე ხელით კი, ცდილობს ძირი გამოუთხაროს მართლმადიდებელ ეკლესიას.

„მინდა აქვე შევეხო ყოფილ სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს, რომელსაც მართლმადიდებლების უფლებადარღვევებთან დაკავშირებით უამრავი ფაქტები წარვუდგინე, მაგრამ მან ყველა ფაქტზე თვალი დახუჭა. ის მუდმივად ცდილობდა, რომ ყველას წინაშე მართლმადიდებლები გამოეყვანა დამნაშავედ“ - განაცხადა ცაიშვილმა.

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კარგად გაერკვნენ და სწორი არჩევანი იმის მიხედვით გააკეთონ.

ბეჭდვა