სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ხვალ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სოციალური ქსელების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
პროექტის პირველ ეტაპზე „ფეისბუქის“ 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 ტელემედიასაშუალების ოფიციალურ გვერდებს ჩაუტარდა მონიტორინგი.
კვლევის მიზანი იყო გაერკვია, თუ რამდენად ეფექტურად ხდება სოციალური ქსელების მეშვეობით მოქალაქეებს, პოლიტიკურ სუბიექტებსა და მედიასაშუალებებს შორის კომუნიკაციის დამყარება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
ყურადღება გამახვილდა ასევე, Facebook-ის გამოყენებაზე საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად და ტელემედიის სოციალურ ქსელებში საარჩევნო თემების გაშუქებაზე.
პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში ხორციელდება.
