ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლება აქციაზე აგენტებს გზავნის
ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლება აქციაზე აგენტებს გზავნის
19:00 24.09.2012
პატიმრების წამების წინააღმდეგ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება აქციებზე აგენტებს გზავნის, რომლებიც პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღებას ახდენენ და აქციის მონაწილეთა დეზორიენტაციას ემსახურებიან.

ამის შესახებ მოძრაობა „არას“ ლიდერმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა და შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ფოტო წარწერით - „მერაბიშვილის თვალი“.

ჩიტაძე აცხადებს, რომ პიროვნება, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, აქციის მონაწილეებმა ორი დღის წინ შენიშნეს.

„ის აცხადებდა, რომ რუსთავის ციხეში პატიმრების წამება ახლაც მიმდინარეობს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან აქცია რუსთავის ციხესთან გადაეტანათ“ - განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პირი აქციის ორგანიზატორებს საეჭვოდ მოეჩვენათ, ფარულად უკან გაყვნენ და დააფიქსირეს როგორ გადასცა მან აქციაზე გადაღებული ვიდეომასალა უცნობებს.

ჩიტაძის განმარტებით, შსს-ში არსებობს სპეციალური დეპრტამენტი, რომლის თანამშრომლების მოვალეობა საპროტესტო ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღებაა.

„ბევრ მათგანს სახეზე ვიცნობ. თუმცა, ეს ადამიანი ჩემთვისაც უცნობია. როგორც სჩანს, ის ვანოს ახალი თვალია“ - აღნიშნა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ასეთ აგენტებს აქციაზე ხშირად გზავნის. მათ შორის არიან სტუდენტებიც, რომელთა ფუნქცია აქციის ცენტრალური უბნებიდან გადატანა, რამდენიმე ნაწილად დაშლა და დეზორიენტაციაა.

ჩიტაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მსგავსი პიროვნებების არ შეეშინდეთ, ვინაიდან, ისინი უკანონოს არაფერს სჩადიან და პროტესტს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ.


ბეჭდვა