ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე პარლამენტის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე პარლამენტის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ
18:10 24.09.2012
პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული აქცია ფილარმონიასთან განახლდა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი არ შეწყვეტენ აქციებს მანამ,  სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საინიციატივო ჯგუფის წევრის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თავდაცვის ახლანდელ მინისტრს დიმიტრი შაშკინს, რომლის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს საქართველოს საპატიმროებში 91 პატიმარი გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეები, ასევე, სასჯელაღსრულების ექს-მინისტრების ხათუნა კალმახელიძის და ბაჩო ახალაიას დასჯას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია პატიმართა წამების დამკვეთ პირთა დასჯა.

ამასთანავე აქციის ერთ-ერთი მოთხოვნაა თანამდებობიდან გადადგნენ და დაისაჯონ იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და უზენაესი სასამართლოს თვამჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დასმასაც მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, დეპუტატებმა სასჯელაღსრულობის სისტემაში არსებული საზარელი ფაქტების შესახებ ყველაფერი იცოდნენ, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენიათ.

აქციის ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე ორი დღის წინ პატრულის მიერ დაკავებული უფლებადამცველის დაჩი ცაგუარიასა და მისი მეგობრის ბექა ალადოშვილის გათავისუფლება.






ბეჭდვა