თავდაცვის სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს
თავდაცვის სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს
16:14 24.09.2012
პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილე სტუდენტები ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფებიან.

სტუდენტები პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა დამნაშავის, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დასჯას მოითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მხოლოდ საკადრო ცვლილებები არ არის საკმარისი და ის პირები, რომლებიც პატიმართა წამებაში მონაწილეობდნენ უნდა დაისაჯონ.

მათი თქმით, მხოლოდ ორი მინისტრის გადადგომა აღნიშნულ სისტემაში არსებულ ვითარებას ვერ გამოასწორებს, რადგან უსამართლობა ქვეყანაში ძირეულად უნდა აღმოიფხვრას. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ სისტემა მთალიანად უნდა შეიცვალოს.

აქციის მონაწილეები თავდაცვის სამინისტროდან იუსტიციის სახლთან გადაინაცვლებენ, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა უკვე სამი დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეები მოშიმშილე ახალგაზრდებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

ბეჭდვა