საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ძალადობრივი ქმედებების, ანგარიშსწორების და მუქარა-ზეწოლის ფაქტებმა იმატა.
საია-მ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა, რომელიც აპრილი-ივლისის მონაცემებს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის არსებულ უთანასწორო გარემოს კიდევ უფრო აღრმავებს.
როგორც პრეზენტაციისას საია-ს საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა ლელა ტალიურმა განაცხადა, წინასაარჩევნოდ, მედიაპლურალიზმის კუთხით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რაც საია-ს მხრიდან დადებითად შეფასდა.
მისი თქმით, მონიტორინგის პერიოდში საია-მ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების არაერთი ფაქტის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლის დროსაც ადმინისტრაციული რესურსის მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის - მმართველი პარტიის სასარგებლოდ მის გამოყენებას აქვს ადგილი, რაც სხვა პარტიებისთვის არათანასწორ და არაკონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს ქმნის.
მონიტორინგის შედეგად, დაფიქსირდა ასევე, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის, დაშინების, სამსახურიდან გათავასუფლებისა და ზეწოლის შემთხევევები. წინა ანგარიშთან შედარებით, იმატა ძალადობრივი ქმედებების, ანგარიშსწორების და მუქარა-ზეწოლის ფაქტებმა.
ტალიურის განცხადებით, პოლიცია რიგ შემთხვევებში, არა თუ ვერ ახერხებს მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების დაცვას, არამედ თვითონაც მონაწილეობს აღნიშნულ ქმედებებში.
საია-ს წარმომადგენლებმა მონიტორინგი თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში განახორციელეს.
