პოლიტპატიმრები წინასაარჩევნოდ შიმშილობის აქციას განაახლებენ. როგორც „ნიუსპრესს“ ფონდი „ქომაგიდან“ აცნობეს,
ორგანიზაცია „პოლიტპატიმების წინააღმდეგობის მოძრაობა - ბრძოლა მმართველი ხუთიანის დიქტატის წინააღმდეგ და საქართველოს პოლიტპატიმრები დემოკრატიული ფასეულობების გადასარჩენად“ პროტესტს სიმბოლური ხუთდღიანი შიმშილობით გამოხატავენ.
მოშიმშილეების ლოზუნგია „არა ძალადობას, არა გაყალბებას და არ შემოხაზო ხუთიანი“.
„ქომაგის“ ცნობით, საქართველოს ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრები თავს ვალდებულად მიიჩნევენ, პროტესტის დაფიქსირებით საკუთრი წვლილი შეიტანონ იმ საქმეში, რაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით ავტორიტარული რეჟიმის მშვიდობიან დემონტაჟს წარმოადგენს.
საქართველოს ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების სიმბოლური ხუთდღიანი შიმშილის აქცია 26 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრამდე გაიმართება.
„ქომაგის“ ცნობით, შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრები - თემურ ჟორჟოლიანი, ვახტანგ მაისაია, ლევან გოგიჩიშვილი, მელორ ვაჩნაძე, გიორგი ზერეკიძე, შალვა გოგინაშვილი, ზაალ ჟვანია, აკაკი დარასელია, ოთარ გუჯეჯიანი, რამაზ სამნიძე, ჯერლიდ ძარია, ლევან ჩაჩუა, ამირან ქადაგიშვილი, ანზორ მეზვრიშვილი, ზურაბ ხუციშვილი, მერაბ მაისურაძე.
