ზურაბ ხარატიშვილი - გამჭვირვალობის პროცესმა ამომრჩეველთა თავისუფალი ნება არ უნდა შეზღუდოს
ზურაბ ხარატიშვილი - გამჭვირვალობის პროცესმა ამომრჩეველთა თავისუფალი ნება არ უნდა შეზღუდოს
14:07 24.09.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს მიზანია ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე, მეორე მხრივ კი - უზრუნველყოს ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენა საარჩევნო უბანზე და პირველმა მეორეს ხელი არ უნდა შუშალოს.

ამის შესახებ ხარატიშვილმა დღეს ჟურნალისტებს მედიაწარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ცესკო-ს იმ დადგენილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საარჩევნო უბანზე მედია და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღება იზღუდება.

ხარატიშვილის განმარტებით, ცესკო-ს მიზანია შექმნას რეგულაციები, რათა ამომრჩეველმა გადაღების პროცესი ზეწოლად არ ჩათვალოს, არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება და უარი არ თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარე განმარტავს, რომ აღნიშნული დადგენილება საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან ის ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვას არ გულისხმობს.

„ფოტო-ვიდეო გადაღება ისე უნდა მოხდეს უბანზე, რომ ამან ამომრჩევლებზე ზეწოლის სახე არ მიიღოს“- განაცხადა ხარატიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასახვაობაა. მან იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული კონსენსუსი მიღწეული იქნება.

დადგენილების პროექტს ცესკო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამ წუთებში განიხილავს.

ბეჭდვა