საიას ინფორმაციით, სტუდენტები არასამთავრობოების მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს იზიარებენ
საიას ინფორმაციით, სტუდენტები არასამთავრობოების მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს იზიარებენ
13:28 24.09.2012
სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“-იც შედის, მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს. მათი განმარტებით, ეს არ არის საიას აქცია და ის სტუდენტებს მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებაში ეხმარება.

მათივე ცნობით, სტუდენტები ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნებიან. ისინი დღეს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, ხოლო 16:30 საათზე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით მსვლელობას დაიწყებენ.

საიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთან აქცია დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება. აქციის მთავარი სლოგანია „ძირს ტირანია - ძალაუფლება ხალხს“.

საია-ში აცხადებენ, რომ სტუდენტები ასევე ეთანხმებიან და ბოლომდე იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს - დაიწყოს გამოძიება ბაჩო ახალაიას, დათა ახალაიას, დიმიტრი შაშკინისა და ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ; თანამდებობები დატოვონ იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა; წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოძიებისთვის დაინიშნოს საზოგადოებრივი პროკურორი და გამოძიების პროცესზე დაწესდეს საზოგადოებრივი კონტროლი; წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმეები განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებმა; სახელმწიფომ უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია.

ბეჭდვა