მწერალი ირაკლი ლომოური ბოლო დღეების განმავლობაში დაპატიმრებუილი ახალგაზრდების გათავისუფლებას მოითხოვს.
ამის შესახებ ირაკლი ლომოურმა „ნიუსპრესს“ იუსტიციის სახლთან განუცხადა, სადაც იგი ახალგაზრდებთან ერთად მეორე დღეა შიმშილობს.
მისი თქმით, შიმშილობის დაწყება სოლიდარობისა და პროტესტის გამოხატვის გამო გადაწყვიტა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების მოთმენა შეუძლებელია.
ლომოურის განცხადებით, უსამართლობას, ძალადობას, დემაგოგიას და ყოველგვარ ბოროტებას საზღვარი აქვს.
„ორი მინისტრის გადადგომის შემდეგ, თითქოს ყველაფერი მორჩა. თუმცა, ეს კიდევ ერთი ბიძგი იყო, რადგან მათი გადადგომით კოსმეტიკური ცვლილება ჩაატარეს და ამით ხალხის დაშოშმინება და სიტუაციის გადაგორება უნდათ“ - განაცხადა ირაკლი ლომოურმა.
მისი თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ახლა ქვეყანაში ყველაზე კრიტიკული სიტუაცია და კრიზისია.
ირაკლი ლომოურის განცხადებით, ახლა თუ არ გამოხატა ადამიანმა პროტესტი, შესაძლოა, შემდეგ სხვა საშუალება აღარ მიეცეს.
„შეიძლება ისეთ დღეში ჩაგვაგდონ, რომ იმ სიტყვის თქმის საშუალებაც აღარ გვქონდეს, რასაც ახლა ვამბობთ. ამათ, როგორც ჩანს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ. მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში სადისტები და მკვლელები არიან“ - განაცხადა მწერალმა.
მისივე თქმით, შუშის ხიდებისა და პოლიციის შენობების მშენებლობა საკმარისი არ არის.
„მოვითხოვთ, იმ ახალგაზრდების გათავისუფლებას, რომლებიც ბოლო დღეებში დააპატიმრეს, ასევე, ადამიანთა დაჭერების შეწყვეტას და მათ გასამართლებას, ვისაც ბრალი პატიმრების წამებაში მიუძღვით“-აღნიშნა ირაკლი ლომოურმა.
