თბილისის იუსტიციის სახლთან მყოფ მოშიმშილეებს თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 10 ახალგაზრდა შეუერთდა.
აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ ორი დღის წინ დაკავებული ლაშა მესხიასა და დავით ფაცაციას გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი აღნიშნული აქციით ლაშა მესხიას უცხადებენ სოლიდარობას, რომელმაც თავის მხრივ შიმშილობა იზოლატორში დაიწყო.
ერთ-ერთი მოშიმშილის უჩა კანდელაკის განცხადებით, ხალხმა მომხდართან დაკავშირებით პროტესტი მისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი კანონიერი ფორმით უნდა გამოხატოს, ამისთვის არ არის აუცილებელი ყველამ იშიმშილოს.
ძლიერი წვიმის გამო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც ისინი წვიმისგან შედარებით დაცული არიან. გამოდარების შემდეგ კი, მათი განცხადებით, ისინი ადგილს შეიცვლიან და იუსტიციის სახლიდან კანონით გათვალისწინებულ დისტანციას დაიცავენ. ამ დროისთვის 5 ახალგაზრდა შიმშილობს.
დავით ფაცაცია და ლაშა მესხია პოლიციამ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, როდესაც პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი იუსტიციის სახლის გახსნისას სიტყვით გამოდიოდა.
