იუსტიციის სახლთან მოძრაობა „ივერიელების“ წევრების შიმშილობის აქცია გრძელდება. ახალგაზრდები 21 სექტემბერს დაპატიმრებულ
დავით ფაცაციასა და ლაშა მესხიას სოლიდარობას უცხადებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა მოშიმშილემ ვაჟა ქორიძემ განუცხადა, მათ ცოტა ხანში თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდება და აქცია იუსტიციის სახლთან გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, მსვლელობაში დაკავებულების მშობლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დავით ფაცაცია და ლაშა მესხია პოლიციამ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, როდესაც პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი იუსტიციის სახლის გახსნისას სიტყვით გამოდიოდა.
აქციის მონაწილეები შიმშილობას დაკავებულების გათავისუფლებამდე გააგრძელებენ.
