საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე მყოფი პოეტის რატი ამაღლობელის განცხადებით, დაპატიმრებული დაჩი
ცაგურია ახალი სამინისტროსა და მინისტრის პირობებში უკვე ნაცემია.
როგორც ამაღლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ძალიან ცუდი და მძიმე ფაქტი მოხდა, დაჩი ცაგურია სრულიად უსაფუძლოდ, თითქოსდა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს.
მისივე თქმით, ცაგურიას უკვე სცემეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„ეს იმ ხაზის, იმ ძალადობრივი ფილოსოფიისა და აქტის გაგრძელებაა, რასაც აქამდე ჰქონდა ადგილი. ამის პრევენცია დღესვე უნდა მოვახდინოთ. დაჩი ცაგურია ახალი სამინისტროსა და ახალი მინისტრის პირობებში - შსს მაქვს მხედველობაში, უკვე ნაცემია“ - განაცხადა რატი ამაღლობელმა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ცაგურიას დაპატიმრების ფაქტის გამოკვლევას ითხოვენ.
„მოვითხოვთ, ამ უსამართლო საქციელზე პასუხი გაგვცენ. საზოგადოებრივ არხს ვთხოვთ, მივიდეს და ეს ამბავი გამოიკვლიოს“ - განაცხადა ამაღლობელმა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაჩი ცაგურია, სამართალდამცავების შეურაცხყოფის გამო, პოლიციამ დღეს დააკავა. მას 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
