„ივერიელების“ წევრები დაკავებულების გათავისუფლებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ
„ივერიელების“ წევრები დაკავებულების გათავისუფლებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ
17:46 22.09.2012
იუსტიციის სახლთან მოძრაობა „ივერიელების“ მოშიმშილე წევრებს სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები შეუერთდებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა მოშიმშილემ გიორგი კვარაცხელიამ განუცხადა, ისინი უკანონოდ დაპატიმრებულ დავით ფაცაციასა და ლაშა მესხიას სოლიდარობას უცხადებენ და მათ გათავისუფლებამდე იშიმშილებენ.

მისი თქმით, დაკავებულ ახალგაზრდებს კანონი არ დაურღვევიათ და ისინი პოლიტპატიმრები არიან.

„ლაშა მესხია პროტესტის ნიშნად შიმშილობს, ჩვენ კი, მას სოლიდარობას ვუცხადებთ და მალე სამოქალაქო მოძრაობის წევრები შემოგვიერთდებიან. დაკავებულების გათავისუფლებამდე იუსტიციის სახლთან საპროტესო აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი ყოველთვის იქნება“-განაცხადა კვარაცხელიამ.

აღნიშნული პირები თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა. კერძოდ, მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშა მესხია და დავით ფაცაცია, რომლებიც „BMW"-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს .

ბეჭდვა