ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია დღეს განახლდება
ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია დღეს განახლდება
10:02 22.09.2012
ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია დღეს 17.00 საათისთვის განახლდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, დღევანდელ აქციაზე ყველა იმ ადამიანს ელოდებიან, ვინც პროტესტი ჯერ ვერ გამოხატა.

მისი თქმით, აქციას უნდა შეუერთდეს თითოეული თბილისელი, ვისაც საქართველოში თავისუფლების უკმარისობა აქვს და უკანონობა აწუხებს.

„ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულები. მოვითხოვთ შს ყოფილი მინისტრის დასჯას და ყველა პასუხისმგებელი პირის დაპატიმრებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ძმები ახალაიები თავისუფლები იყვნენ. პროკურატურა კი ორგანოა, სადაც ისინი ახლა უნდა იკითხებოდნენ, თუმცა, ასე არ ხდება. ჩვენ ამას დღეს მივაღწევთ“ - განაცხადა ჩიტაძემ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ დღევანდელი მოთხოვნები ძმები ახალაიების, თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისგებაში მიცემა იქნება.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები დღეს ასევე პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ბეჭდვა