ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის დარჩენილ მონაწილეებთან რამდენიმე წუთის წინ „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ბათიაშვილი მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას აქვს მცდელობა, რომ საზოგადოებაში შიში ხელახლა დათესოს, თუმცა, ეს შეუძლებელია, რადგან შეუქცევადი პროცესები დაიწყო.
მისი თქმით, მან თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ განსაკუთრებულ კრიტიკულ სიტუაციაში ახალგაზრდებთან მისულიყო და ნებისმიერი საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, ის აქციის მონაწილეებთან იქნება.
„ეს ახალგაზრდები არავითარ საფრთხეს არ ქმნიან. მათი ყველა აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. რა გახდა ასეთი იუსტიციის სახლი, რომ მასთან მიკარება არ შეიძლებოდა“ - განაცხადა ბათიაშვილმა.
ამ დროისთვის ფილარმონიასთან მომიტინგეების მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის შემადგენლობა.
51-ე საჯარო სკოლის მხარეს განლაგებულმა პოლიციელებმა მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.
