ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია ხვალ განახლდება
ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია ხვალ განახლდება
21:40 21.09.2012
ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია ხვალ 17.00 საათისთვის განახლდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა,  ხვალინდელ აქციაზე ყველა იმ ადამიანს ელოდებიან, ვინც პროტესტი ჯერ ვერ გამოხატა და სახლშია.

მისი თქმით, აქციას უნდა შეუერთდეს თითოეული თბილისელი, ვისაც საქართველოში თავისუფლების უკმარისობა აქვს და უკანონობა აწუხებს.

„ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულები. მოვითხოვთ შს ყოფილი მინისტრის დასჯას და ყველა პასუხისმგებელი პირის დაპატიმრებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ძმები ახალაიები თავისუფლები იყვნენ. პროკურატურა კი ორგანოა, სადაც ისინი ახლა უნდა იკითხებოდნენ, თუმცა, ასე არ ხდება. ჩვენ ამას ხვალ მივაღწევთ“ - განაცხადა ჩიტაძემ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ხვალინდელი მოთხოვნები ძმები ახალაიების, თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისგებაში მიცემა იქნება.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ხვალ ასევე პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ამ წუთებში ფილარმონიასთან აქციის ძირითადი ნაწილი დაშლილია. მელიქიშვილის გამზირზე პოლიციის თანამშრომლები რჩებიან.

ბეჭდვა