ფილარმონიასთან მყოფი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლუკა კურტანიძე აქციის მონაწილეების სახლებში უსაფრთხოდ მისვლას საკუთარ მოქალაქეობრივ ვალად მიიჩნევს.
როგორც კურტანიძემ ფილარმონიასთან პოლიციის თანამშრომლების გამოჩენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეებს არაფრის უნდა ეშინოდეთ, რადგან დღეს მთელი საქართველო აღშფოთებულია იმის გამო, რასაც ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში აკეთებდა.
მისი თქმით, მომავალი თაობა არ შეეგუება იმას, რაც თავისი თვალით იხილა.
„ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ეს ბავშვები სახლებში უსაფრთხოდ მივიდნენ, რადგან ამ ბინძური ხელისუფლების ზრახვები ვიცი. 1 ოქტომბერს მერაბიშვილებს და ახალაიებს თავისივე აშენებულ ციხეებში ჩავსვამთ“-განაცხადა კურტანიძემ.
მისი თქმით, ფურცელაძის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებზე ძალადობა სცადეს, მაგრამ ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს.
„გონს მოეგოს ყველა, ვინც ამ სიბინძურეშია ჩაბმული“-განაცხადა კურტანიძემ.
ამ წუთებში ფილარმონიასთან აქციის რამდენიმე მონაწილე რჩება. ადგილზე არიან პოლიციის თანამშრომლები.
