სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში შემსვლელ ავტომანქანებს იქ შეკრებილი მოქალაქეები შემოწმების გარეშე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ცოტა ხნის წინ, საქალაქო სასამართლოდან გლდანის ციხეში საბადრაგო მანქანით 11 პატიმარი მიიყვანეს. ჟურნალისტებმა პატიმრებთან გასაუბრება მოახერხეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათზე ბოლო დღეებში ფიზიკური ძალადობა არ ხორციელდება, თუმცა, ეს ადრე ხშირად ხდებოდა.
პატიმრებმა სახალხო დამცველთან შეხვედრა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ სწორედ მას მიაწვდიან იმ პირების ვინაობის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ციხეებში პატიმრებს აწამებენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროსთან მოქალაქეები და პატიმრების ახლობლები არიან შეკრებილი. ადგილზე რამდენიმე სასულიერო პირიც იმყოფება, რომლებმაც მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს.
