ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით თბილისის ახლადგახსნილი იუსტიციის სახლისკენ დაიძვრნენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, მათ საქართველოს პრეზიდენტთან კითხვები აქვთ.
„ყველა უბედურებაზე, რომელიც საზოგადოებამ ამ დღეებში იხილა, პასუხისმგებელი ქვეყნის პრეზიდენტია დ ის ვალდებულია ჩვენს კითხვებს უპასუხოს“ - განაცხადა ცაგურიამ.
რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. ქუჩაში რამდენიმე ასეული აქციის მონაწილე ტრანსპარანტებით -“არ აწამო“ და „ჩამოშორდი მკვლელებს“ გადაადგილდება.
მსვლელობის მონაწილეებს რიგითი გამვლელებიც უერთდებიან. მოქალაქეები მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან და კერძო ავტომობილებიდან შეძახილებითა და ხელის ქნევით უცხადებენ სოლიდარობას.
ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს სიმშვიდის მაქსიმალურად დაცვისა და პროვოკაციებისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.
