რაგბისტები ციხეში ძალადობის ფაქტებს გმობენ
რაგბისტები ციხეში ძალადობის ფაქტებს გმობენ
17:22 21.09.2012
პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები გამოეხმაურნენ და ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა ფაქტი დაგმეს.

„ქართველი მორაგბეები გმობენ ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტს, პიროვნების შეურაცხყოფის, წამების თუ დამცირების ქმედებებს. თანადგომას ვუცხადებთ ძალადობის ყველა მსხვერპლს და მათ ოჯახებს. ვისურვებდით, რომ ასეთი საშინელება ჩვენს ქვეყანაში არასდროს განმეორდეს“ - აღნიშნულია რაგბისტთა განცხადებაში.

სპორტსმენების თქმით, ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მორაგბეებმა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი განცხადება უნდა გააკეთონ.

„ჩვენს გულშემატკივარს გააჩნია ქართული რაგბის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების მოლოდინი. რაგბის ოჯახში შემოსვლა არ ხდება პოლიტიკური მსოფლმხედველობისა თუ მრწამსის შესაბამისად და რაგბის თემი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც დანარჩენი საქართველო“ - აღნიშნულია განაცხადებაში.

სპორტსმენები მიიჩნევენ, რომ ქართული რაგბი ყოველგვარი განცხადებების გარეშე ყოველთვის იდგა და იდგება იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება.



ბეჭდვა