„SPIEGEL”- პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოები სააკაშვილის რეფორმატორულ იმიჯს აზიანებს
„SPIEGEL”- პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოები სააკაშვილის რეფორმატორულ იმიჯს აზიანებს
15:47 21.09.2012
საქართველოში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოები საარჩევნო ბრძოლას ამძაფრებს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორულ იმიჯს აზიანებს.

სტატიას სახელწოდებით - „წამების შესახებ დებატებმა პრეზიდენტ სააკაშვილს საარჩევნო ბრძოლა ჩაუშალა“ გერმანული გამოცემა „SPIEGEL”-ი აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული საქართველოში საარჩევნო ბრძოლა მიხეილ სააკაშვილსა და მის მოწინააღმდეგე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის მწვავდება.

სტატიის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ორი კვირით ადრე გავრცელებულმა ვიდეორგოლებმა კავკასიურ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია.

„ოპოზიციასთან დაახლოებულმა სატელევიზიო არხებმა ვიდეომასალა სამშაბათს საღამოს აჩვენეს. ერთ ვიდეოზე წრიულად მდგომი ციხის პერსონალი პატიმრებს სცემს. ტელეკომპანია „მაესტრომ“ გამოაქვეყნა ასევე მეორე ვიდეოც, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აუპატიურებს ჯოხით ციხის თანამშრომელი პატიმარს“ - წერს „SPIEGEL”-ი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მეთაური სააკაშვილი ვიდეოების გამო „შოკირებული“ და „ძალიან გაბრაზებული“ იყო. ციხის რამდენიმე თანამშრომელი დაკავებულია, 33 წლის მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

„SPIEGEL”-ი წერს, რომ ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი 18 სეტემბრის საღამოს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა, რათა წამების ფაქტებსა და სააკაშვილის მიმართ პროტესტი გამოეხატა.

სტატიის თანახმად, საქართველოს ციხეებში მდგომარეობა წლებია დაძაბულია, სასჯელაღსრულების დაწესებულებები პატიმრებით გადავსებულია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აშშ-ს, ვირჯინიის კუნძულებისა და კუნძულ-სახელმწიფო სანტ კიტსისა და ნევის შემდეგ პატიმართა ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს. აღნიშნული რიცხვი გერმანიის პატიმართა რიცხვს ექვსჯერ აღემატება.

მასალა მომზადებულია foreignpress-ის თარგმანზე დაყრდნობით.

ბეჭდვა