ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების მიერ დაგეგმილი სტუდენტთა საპროტესტო აქცია,
რომელიც 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, აღარ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, აქციის გაუქმების გადაწყვეტილება სტუდენტებმა უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
სტუდენტები უწმინდესის მოწოდებით დღეს წირვას დაესწრნენ, სადაც პატრიარქმა სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და საპროტესტო აქციებისგან თავის შეკავება ურჩია.
„სტუდენტები დავემორჩილეთ უწმინდესის შეგონებას და სამების საკათედრო ტაძარში წირვას დავესწარით. ჩვენთვის პატრიარქის აზრი უმნიშვნელოვანესი იყო. უწმინდესმა არჩევნებმდე საპროტესტო აქციებისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდა, რადგან, მისი თქმით, კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის საშიშროება არსებობს“- განაცხადა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაჩი გუბაძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა, ზოგიერთმა ანგაჟირებულმა ჯგუფმა პროვოკაციები მოაწყოს, უნივერსიტეტში შეიჭრას და უმართავი პროცესები განვითარდეს.
„პატრიარქმა სტუდენტებს ასეთ რადიკალურ ჯგუფებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება გვირჩია. პატივს ვცემთ უწმინდესის რჩევას, რადგან ჩვენთვის ძალადობის ძალადობით გაპროტესტება მიუღებელია“ - აღნიშნა დაჩი გუბაძემ.
თსუ-ს იმ სტუდენტებმა, რომლებმაც ბოლო ორი დღის განმავლობაში პატიმართა წამების წინააღმდეგ აქციები გამართეს დღეს აქციების არჩევნებამდე შეწყვეტა გადაწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაირკვა, რომ სტუდენტური თვითმმართველობები აქციების დაწყებას გეგმავენ და არსებობს ინფორმაცია, სიტუაციის ესკალაციის მიზნით, შესაძლო გარკვეული პროვოკაციების მოწყობის შესახებ.
აქციის გაუქმების გადაწყვეტილება შესაბამისად, თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
